სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერის მიმართ, შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ კომპანია "ვოლტი" შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო კურიერის დისკრიმინაციას ახდენდა. საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.

„საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, კომპანიამ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა, თუმცა, საფუძვლად 2 კვირის განმავლობაში შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა მიუთით," - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


განცხადების თანახმად, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.


„ხელშეკრულება დამსაქმებელს უფლებას აძლევს შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტოს ყველა იმ პირს, ვინც სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის პროტესტის გამო, უარს აცხადებს აპლიკაციის გამოყენებაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ხელშეკრულების ამ ჩანაწერმა შესაძლოა, დისკრიმინაციული ზეგავლენა მოახდინოს კურიერებზე.


ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გაცხადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი წინააღმდეგობაში მოდის თავად „ვოლტის“ პოზიციასთან, რომ კურიერების გრაფიკი თავისუფალია და მათ სურვილის მიხედვით შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი სამუშაო დრო," - წერია განცხადებაში.

თავად კომპანიაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.